PMAG კლასტერის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით საჯარო და კერძო სექტორებს შორის გამართულ დიალოგში თემაზე - „მსუბუქი მრეწველობის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში: „ავეჯის და შესაფუთი მასალების წარმოება“.
სასტუმრო „სტამბაში“ გამართულ შეხვედრაზე, მსუბუქი მრეწველობის სექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ მსჯელობდნენ კანონმდებლები, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ავეჯისა და შესაფუთი მასალების წარმოებაში არსებული სირთულეებისა და პოტენციალის კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში მსუბუქი მრეწველობა მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა შორისაა კვალიფიკაციის ნაკლებობა, ნედლეულზე და ინვესტიციაზე წვდომა, ასევე, ბაზარზე წვდომის სირთულეები, მოძველებული დანადგარები და დაბალი ღირებულების მქონე წარმოება.
დარგში არსებული სირთულეების შესახებ ისაუბრეს საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა, დეპუტატებმა.
დაისვა კითხვები, გაიმართა დისკუსია.
შეხვედრაში პარლამენტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები, „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოების წარმომადგენლები.
შეხვედრის დასასრულს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ მსუბუქი მრეწველობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო, მაგრამ გამოწვევებით სავსე სექტორია.