საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები სასწავლო ვიზიტით უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის მიზანი იყო კლასტერის მართვის და განვითარების შესახებ უნგრული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ქართულმა მხარემ მოისმინა ყველა საჭირო ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს კლასტერის ფორმირება ასოციაციის ბაზაზე, მისი ორგანიზაციული მოწყობა, ოპერაციული სისტემის ჩამოყალიბება, ერთიანი ხედვისა და ხარისხის გაუმჯობესების მოწყობა. ქართულ დელეგაციას მასპინძლობდა უნგრული ორგანიზაცია - „დი-ბი-ეიჩ გრუპი“ (Development Bridge Head group), რომელმაც ქვეყანაში შესაფუთი მასალების პირველი კლასტერი - „ომნიპაკი“ (OMNIPACK) ჩამოაყალიბა. „ომნიპაკი” 2003 წლიდან ფუნქციონირებს და კლასტერის ბაზაზე მრავალი წარმატებული პროექტის განმახორციელებელია.
ჯგუფის წევრები შეხვდნენ სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებს, შესაფუთი მასალების მწარმოებლებს, კლასტერისა და პროფესიონალური ასოციაციის წევრებს, შეფუთვების სექტორში ინოვაციური მიდგომების განმახორიცელებელ ჯგუფებს, ადგილობრივ მეწარმეებს ნარჩენების გადამამუშავებელი დანადგარებისა და ლაბორატორიული ანალიზის მიმართულებით. ასევე, შეხვედრა გაიმართა „ობუდას“ (Obuda) უნივერსიტეტში, სადაც რამდენიმე სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამა არსებობს შესაფუთი მასალების ტექნოლოგიის მიმართულებით. ვინაიდან, ეს სფერო საქართველოსთვისაც აქტუალუარია, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
სასწავლო ტურის ბოლოს, ქართულ დელეგაციას უნგრეთში საქართველოს ელჩი, ზაალ გოგსაძე შეხვდა და ექპორტის მიმართულებით ტექნიკური მხარდაჭერის შესაძლებლობებზე ესაუბრა.
სასწავლო ტური ორგანიზებული იყოგაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის მხარდაჭერით, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. ასოციაციის წევრებთან ერთად, ტურში მონაწილეობა მიიღეს საჯარო მოხელეებმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, ასევე, „ აწარმოე საქართველოში“ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
სასწავლო ტური მიმდინარეობდა 2019 წლის 8-იდან 13 დეკემბრის ჩათვლით.