PMAG კლასტერი მსოფლიო შესაფუთი მასალების ორგანიზაციის (WPO) კანდიდატი წევრი გახდა.
PMAG-ის წარმომადგენლებმა WPO-ს პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს ქართული კლასტერი გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს. მოლაპარაკებების შედეგად, PMAG-ს კანდიდატი წევრის სტატუსი მიენიჭა, თუმცა, WPO-ს შემდეგ სხდომაზე ორგანიზაციაში ქართული კლასტერის წევრობაც იქნება განხილული. WPO-ს შემდეგი სხდომა 23-27 ნოემბერს გაიმართება იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). იოჰანესბურგში ქართული მხარე ორგანიზაციის წევრებს უკვე პირადად გააცნობს PMAG-ს, რის შედეგადაც WPO-ს წევრები PMAG-ის გაწევრიანებას კენჭს უყრიან.
ამ ეტაპზე, WPO აერთიანებს 65 წევრს 46 ქვეყნიდან. გაწევრიანების შემთხვევაში, PMAG რეგიონიდან WPO-ს პირველი წევრი კლასტერი გახდება და ექნება ხმის მიცემის უფლებაც.
WPO 1968 წლის 6 სექტემბერს დაფუძნდა იაპონიაში და მას შემდეგ მუშაობს შეფუთვის ტექნოლოგიების და მეცნიერების განვითარების წახალისებაზე, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაზე და შესაფუთი მასალების სექტორში განათლების და ტრენინგების სტიმულირებაზე.