PMAG-მა იმერეთში მოქმედი გიდები დამცავი ფარებით აღჭურვა

PMAG-მა იმერეთში მოქმედი გიდები დამცავი ფარებით აღჭურვა

საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციამ შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით  ახალგაზრდა გიდების ასოციაციას დამცავი ფარები გადასცა და იმერეთში მოქმედი გიდები სრულად აღჭურვა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ტურიზმის სექტორმა ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო COVID-19-სგან, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების კუთხით.  ზიანი, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ აქტორებს მიადგათ ნამდვილად ძალიან დიდია, თუმცა, ეფექტური ნაბიჯებითა და დროული მხარდაჭერით შესაძლებელია ზიანის შემცირება. ტურიზმის სფერო და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები სრულფასოვნად საქმიანობის განახლებას მხოლოდ მაშინ შეძლებენ, როცა სფერო უზრუნველყოფს როგორც საკუთარი მოქალაქეების დაცვას, ასევე ჩამოსული ტურისტის უსაფრთხოდ მასპინძლობას. ახლა ტურიზმისა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში დასაქმებული ადამიანები  განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს და სწორედ ამიტომ, შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციამ გიდები უსაფრთხო საქმიანობისთვის აუცილებელი ინვენტარით მოამარაგა.

დამცავი ფარები დამზადებულია საქართველოში ადგილობრივი კომპანიის CaucasPack_ის მიერ, რომელმაც პანდემიისას ახალ გამოწვევებთან ადაპტირება შეძლო და გადამუშავებული პლასტიკური ბოთლებისგან მრავალჯერადი გამოყენების მოსახერხებელ დამცავ ფარებს აწარმოებს.

PMAG წარმოადგენს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ შესაფუთი მასალების კლასტერს, რომელიც მიზნად ისახავს შესაფუთი მასალები ინდუსტრიისა და მისი ინდივიდუალური წევრების დახმარებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობის გაფართოების გზით.