„ერთად შევუწყოთ ხელი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას“ - აქციის ამ სახელწოდებით, საქართველოში შესაფუთი მასალების მწარმოებელთა კლასტერი (PMAG) გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
კლასტერის ინიციატივით და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით, დარგთან ასოცირებული უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესის სხვა წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით ჯამში 200 ეკო-მეგობრული სასაჩუქრე ნაკრები დარიგდება. იმის გათვალისწინებით, რომ წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემა - ბიომრავალფეროვნებაა, აქციის ინიციატორებმა გადაწყვიტეს ადრესატებისთვის ენდემური ჯიშის მცენარეები და ეკო-მეგობრული პროდუქტები გადაეცათ.
აქციის მიზანია, კერძო კომპანიების ჩართულობის ხაზგასმა საქართველოში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საკითხში. გარემოზე მიყენებული ზიანის შესამცირებლად, PMAG-ის წევრები განსაკუთრებით დიდი ყურადღებას უთმობენ ენერგიის, წყლის და ნედლეულის ეფექტურად გამოყენებას. ამის გათვალისწინებით, შესაფუთი მასალების მწარმოებლთა გაერთიანება ცდილობს პროდუქტის დასამზადებლად აირჩიოს ეკო-მეგობრული ნედლეული, ან თავად გადაამუშავოს ნარჩენები ნედლეულის საწარმოებლად. ამასთანავე, დანერგოს წყლისა და ენერგო ეფექტურობის პოლიტიკა გაერთიანების თითოეულ წარმოებაში.
შესაფუთი მასალების მწარმოებელთა კლასტერი ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის “ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში” საფუძველზე 2020 წლის დასაწყისში შეიქმნა. ევროკავშირის და გაეროს ოთხ სააგენტოსთან (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია-FAO, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია-UNIDOდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია-IOM) თანამშრომლობის შედეგად, პროექტი საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ემსახურება.
ამ დროისთვის, PMAG აერთიანებს 8 კომპანიას. კლასტერის თითოეული წევრი, იაზრებს რა სოციალურ პასუხისმგებლობას, აქტიურადაა ჩართული გარემოსდაცვით ღონისძიებებში.
სამომავლოდ დაგეგმილია, რომ PMAG- ში გაწევრიანდებიან არამხოლოდ შეფუთვების სფეროში მომუშავე ბიზნესების, არამედ, მომხმარებლების, მიმწოდებლების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ამ სფეროსთან ასოცირებული სხვა კომპანიების ქსელებიც.